ფ. ენგელსი

წერილი კაუცკისადმი


დაწერილი: ფ. ენგელსის მიერ 23 თებერვალი 1891 წელი.
თარგმანი: გერმანულიდან.
წყარო: მარქს-ენგელსის რჩეული ნაშრომები, ტომი II, 1950 წ.
გაციფრულება: ჟერმინალი
HTML: ჟერმინალი


ლონდონი, 23 თებერვალი 1891 წელი

ძვირფასო კაუცკი!

ჩემს მიერ გუშინწინ სასწრაფოდ გამოგზავნილი მილოცვა შენ, ალბათ, უკვე მიიღე. ახლა კი დავუბრუნდეთ ისევ მარქსის წერილს[1].

შიში იმისა, რომ იგი მოწინააღმდეგეებს ხელში იარაღს ჩაუგდებდა, დაუსაბუთებელი აღმოჩნდა. რასაკვირველია, ბოროტი ინსინუაციები შეიძლება გაავრცელონ ყველაფრის გამო, მაგრამ საერთოდ და მთლიანად ამ დაუნდობელმა თვითკრიტიკამ მოწინააღმდეგეებზე სრულიად გამაცბუნებელი შთაბეჭდილება მოახდინა და მათში ასეთი გრძნობა გამოიწვია: რა შინაგანი ძალა უნდა ჰქონდეს პარტიას, რომელიც შესძლებს თავის თავს ამგვარი რამ წაუყენოს! ეს ნათლად ჩანს შენს მიერ გამოგზავნილი (რისთვისაც მადლობას მოგახსენებ!) და ჩემს მიერ სხვა ადგილებიდან მიღებული მოწინააღმდეგეთა გაზეთებიდან. გულახდილად რომ გითხრა, ჩემი აზრიც სწორედ ეს იყო, როდესაც ამ დოკუმენტს ვაქვეყნებდი. მე ვიცოდი, რომ იგი პირველ მომენტში ზოგიერთებს ძალიან არასასიამოვნოდ შეეხებოდა, მაგრამ ამის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, მით უმეტეს, რომ დოკუმენტის საგნობრივი შინაარსი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო. მე ვიცოდი, რომ პარტია საკმაოდ ძლიერი იყო იმისათვის, რომ ეს გადაეტანა და დარწმუნებული ვიყავი, რომ დღესაც ისე, როგორც 15 წლის წინ, პარტია გაუძლებს ამ გულახდილ გამოსვლას; რომ შესაძლებელი იქნება დამსახურებული სიამაყით დავამოწმოთ ძალთა ეს გასინჯვა და ვთქვათ: სადაა სხვა ასეთი პარტია, რომელსაც შეუძლია ასეთი რამ გაბედოს? სხვათა შორის, ამის თქმის საშუალება მისცეს საქსონიისა და ვენის "Arbeiter Zeitungs"-ს და "Züricher Post"-ს[2].

თუ შენ "Neue Zeitz"-ის N21-ში პასუხისმგებლობას კისრულობ გამოქვეყნებისათვის, ეს შენი მხრივ ძალიან სანაქებო საქმეა, მაგრამ ნუ დაივიწყებ, რომ პირველი ბიძგი მაინც მე მოგეცი და რომ, გარდა ამისა, მე ერთგვარად გაიძულე გემოქმედნა. ამიტომ მთავარ პასუხისმგებლობას მე ვიტოვებ. რაც შეეხება ცალკეულ წვრილმან საკითხებს, ამაზე ყოველთვის შეიძლება სხვადასხვა აზრი იყოს. მე ყველაფერი წავშალე და შევცვალე, რაზეც შენ და დიტცი წინააღმდეგი იყავით და დიტცს რომ კიდევ უფრო მეტი აღენიშნა, მაშინაც კი მე შეძლებისდაგვარად დამყოლი ვიქნებოდი, როგორც ამას მე ყოველთვის გიმტკიცებდით საქმით. მაგრამ რაც შეეხება მთავარ საქმეს, ჩემი მოვალეობა იყო გამომექვეყნებინა ეს დოკუმენტი, როგორც კი პროგრამა განსახილველი შეიქნა. ამასთან ლიბკნეხტის მიერ ჰალეში წაკითხული რეფერატის შემდეგ, რომელშიც ის ნაწილობრივ მოურიდებლად ისაკუთრებს თავის ამონაწერებს მარქსის "კრიტიკიდან", ნაწილობრივ კი მის წინააღმდეგ ილაშქრებს ისე, რომ თვით დოკუმენტს არ ახსენებს, მარქსი ამ გადამუშავებას უსათუოდ დაუპირისპირებდა თავის ორიგინალს, ხოლო მე ვალდებული ვიყავი ეს მის მაგიერ გამეკეთებინა. სამწუხაროდ, მაშინ ეს დოკუმენტი ჯერ კიდევ ხელთ არ მქონდა, და მხოლოდ დიდი ხნის ძებნის შემდეგ ძალიან დაგვიანებით ვიპოვნე.

შენ ამბობ, რომ ბებელი გწერდა, მარქსის მიერ ლასალის შეფასებამ ძველი ლასალელები ძალიან გააბრაზაო. ადვილი შესაძლებელია. ამ ადამიანებმა ხომ არ იციან ნამდვილი ისტორია და ცუდი არ იქნება ამ მხრივ მათი განათლება. თუ მათ არ იციან, რომ ლასალის მთელი სიდიადე იმაზე იყო დამყარებული, რომ მარქსი მას ნებას აძლევდა წლების მანძილზე მორთულიყო მარქსის მეცნიერული გამოკვლევების შედეგებით როგორც საკუთარი გამოკვლევების შედეგებით, და ამასთანავე თავისი არასაკმარისი ეკონომიური მომზადების გამო ემახინჯებინა იგი, ეს ჩემი ბრალი არაა. მაგრამ მე მარქსის ლიტერატურული ანდერძის აღმსრულებელი ვარ და ამიტომ ეს გარკვეულ ვალდებულებებს მაკისრებს.

ლასალი 26 წელიწადია უკვე ისტორიას ეკუთვნის. თუ საგანგებო კანონების პერიოდში მის ისტორიულ კრიტიკას არ აწარმოებდნენ, ახლა, დაბოლოს, დადგა დრო, როდესაც ეს კრიტიკა თავის უფლებებში უნდა შევიდეს და გამოარკვიოს ლასალის ნამდვილი პოზიცია მარქსის მიმართ. ხომ არ შეიძლება, რომ პარტიის რწმენის სიმბოლოდ იქცეს ლეგენდა, რომელიც ლასალის ჭეშმარიტ სახეს ფარავს და ცამდე ადიდებს მას. როგორი მაღალი შეფასებაც არ უნდა მივცეთ ლასალის დამსახურებას მოძრაობის წინაშე, მისი ისტორიული როლი მასში მაინც ორჭოფული რჩება. სოციალისტ ლასალს ყოველ ნაბიჯზე თან სდევს ლასალი დემაგოგი. აგიტატორ და ორგანიზატორ ლასალში ყველგან გამოსჭვივის ჰაცფელდის პროცესის[3] ხელმძღვანელი ადვოკატი: იგივე ცინიზმი საშუალებათა ამორჩევაში, იგივე მიდრეკილება ისეთი საეჭვო და ნამუსგარეცხილ ადამიანებთან დაახლოვებისა, რომლებიც შეიძლება გამოიყენო როგორც უბრალო იარაღი და შემდეგ გადააგდო. იგი 1862 წლამდე პრაქტიკულად იყო სპეციფიკური — პრუსიული ვულგარული დემოკრატი ძლიერი ბონაპარტისტული მიდრეკილებებით (მე ახლახან გადავხედე მის წერილებს მარქსისადმი), მოულოდნელად მან წმინდა პირადი მიზეზებით ფრონტი იცვალა და თავისი აგიტაცია დაიწყო. ორი წელიწადიც არ გასულა და მან მოითხოვა, რომ მუშებს სამეფო ხელისუფლებისათვის დაეჭირათ მხარი ბურჟუაზიის წინააღმდეგ და ხასიათით თავის მონათესავე ბისმარკთან იმგვარი ინტრიგა გააბა, რომ იგი მას აუცილებლად მოძრაობის ფაქტიურ ღალატამდე მიიყვანდა, მისდა საბედნიეროდ დროზე სასიკვდილოდ რომ არ დაეჭრათ. მის სააგიტაციო თხზულებებში ის სწორი რამ, რაც მას მარქსიდან აქვს გადაღებული, იმდენად გადახლართულია მის საკუთარ, ლასალისეულ, და როგორც წესი, ყალბ მსჯელობებთან, რომ თითქმის შეუძლებელია ერთის მეორისაგან გამოყოფა. მუშათა ის ნაწილი, რომელიც მარქსის კრიტიკისაგან თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, ლასალს იცნობს მხოლოდ ორწლიანი აგიტაციით და ისიც შეფერადებული სათვალეებით. მაგრამ ამგვარი ცრურწმენის წინაშე ისტორიული კრიტიკა სამუდამოდ ქუდმოხდილი ვერ გაჩერდება. ჩემი მოვალეობა იყო ერთხელ და სამუდამოდ გამომეაშკარავებინა ნამდვილი დამოკიდებულება მარქსსა და ლასალს შორის. ეს ახლა გაკეთებულია. მე შემიძლია ჯერჯერობით ამით დავკმაყოფილდე. ამასთან მე თვითონ ახლა სხვა საქმეები მაქვს გასაკეთებელი, ხოლო მარქსის გამოქვეყნებული დაუნდობელი კრიტიკა ლასალზე თავადაც უკვე სათანადო გავლენას მოახდენს და სხვას მხნეობას შემატებს. მაგრამ თუ მდგომარეობა გამოსვლას მაიძულებს, მე სხვა არჩევანი არც დამრჩენია: ერთხელ და სამუდამოდ ბოლოს მოვუღებდი ლასალის ლეგენდას.

ჭეშმარიტად საუცხოვოა, რომ ფრაქციაში ხმა გაისმა "Neue Zeit"-ზე ცენზურა დავაწესოთო. რა არის ეს? სოციალისტების საწინააღმდეგო საგანგებო კანონის პერიოდის ფრაქციის[4] დიქტატურა (რომელიც მაშინ აუცილებელი იყო და ჩინებულად ტარდებოდა), თუ მოგონებანი ფონ შვაიცერის დროინდელი მკაცრად გამოწვრთნილი ორგანიზაციის შესახებ? ეს ფაქტიურად ბრწყინვალე აზრია — ბისმარკის სოციალისტთა საწინააღმდეგო კანონისაგან გერმანიის სოციალისტური მეცნიერების განთავისუფლების შემდეგ იგი უნდა დაემორჩილოს სოციალისტთა საწინააღმდეგო, თვით სოციალ-დემოკრატიული პარტიული უფროსების მიერ შეთითხნილ და ცხოვრებაში გატარებულ კანონს. თუმცა თვითონ ბუნება ზრუნავს იმისათვის, რომ ხეები ცამდე არ იზრდებოდნენ.

"Vorwärts"-ის[5] სტატია მე ნაკლებ მაღელვებს. მე დავუცდი, ვიდრე ლიბკნეხტი მთელ ისტორიას თავისებურად მოგვითხრობს, მაშინ კი, მართლაც, ერთად ვუპასუხებ ორივეზე რაც შეიძლება მეგობრული კილოთი. "Vorwärts"-ის სტატიაში მხოლოდ ზოგიერთი უსწორ-მასწორობანია შესასწორებელი (მაგ. ის, რომ ჩვენ თითქოს გაერთიანება არ გვინდოდა, რომ მოვლენებმა თითქოს დაამტკიცეს მარქსის არასისწორე და ა. შ.) და დასადასტურებელია ის, რაც თავისთავად საგულისხმოა. ამ პასუხით ვფიქრობ დავამთავრო ჩემი მხრით ეს კამათი, თუ კი ახალი თავდასხმანი ან არასწორი მტკიცებანი შემდგომი ნაბიჯის გადადგმას არ მაიძულებენ.

დიტცს უთხარი, რომ მე ვმუშაობ "წარმოშობა"-ზე[6]. მაგრამ აგერ დღეს მოვიდა წერილი ფიშერისაგან, რომელსაც აგრეთვე სურს მიიღოს ჩემგან სამი ახალი წინასიტყვაობა!

შენი ფ. ე.


[1] ლაპარაკია მარქსის "გოთას პროგრამის კრიტიკაზე", რომელიც ენგელსის დაჟინებითი მოთხოვნით გამოქვეყნდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიის თეორიულ ორგანოში — "Neue Zeit" ("ახალი დროება"), რომლის რედაქტორი იყო კ. კაუცკი. [რედაქცია].

[2] ამ გაზეთებიდან პირველი ორი გაზეთი სოციალ-დემოკრატიული იყო, უკანასკნელი კი — ბურჟუაზიული. [რედაქცია].

[3] ლაპარაკია გრაფინია ჰაცფელდის განქორწინების პროცესზე, რომელსაც ლასალი ხელმძღვანელობდა როგორც ადვოკატი 1848-1854 წ.წ. [რედაქცია].

[4] ლაპარაკია გერმანიის რაიხსტაგის სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაზე. [რედაქცია].

[5] სარედაქციო წერილი გაზეთ "Vorwärt"-ში ("წინ"), გერმანული სოციალ-დემოკრატიის ცენტრალურ ორგანოში (1891 წ 13/II ნომერში), რომელიც გამოხატავდა პარტიის მმართველობის ოფიციალურ პოზიციას "გოთას პროგრამის კრიტიკისადმი". ეს სტატია სასტიკად გმობდა მარქსის მიერ ლასალის შეფასებას და პარტიის დამსახურებად მიაჩნდა ის, რომ მან მიიღო პროგრამის პროექტი, მიუხედავად მარქსის კრიტიკისა. [რედაქცია].

[6] ლაპარაკია "ოჯახის, კერძო საკუთრების და სახელმწიფოს წარმოშობაზე", რომლის მეოთხე გამოცემასაც ენგელსი ამზადებდა. [რედაქცია].