დაწერილი: ენგელსის მიერ 1877 წ.
გამოქვეყნებული: ალმანახში “Volkskalender”, რომელიც გამოვიდა ბრაუნშვაიგში 1878 წ.
თარგმანი: გერმანულიდან
წყარო: მარქს-ენგელსის რჩეული ნაშრომები, ტომი II, 1950 წ.
გაციფრულება: ჟერმინალი
HTML: ჟერმინალი
კარლ მარქსი, — ადამიანი, რომელმაც სოციალიზმს და მით მთელ თანამედროვე მუშათა მოძრაობას პირველად ჩაუყარა მეცნიერული საფუძველი, — დაიბადა ტრირში 1818 წ. თავდაპირველად იგი ბონსა და ბერლინში სამართლის მეცნიერებას სწავლობდა, მაგრამ მალე შეუდგა მხოლოდ ისტორიისა და ფილოსოფიის შესწავლას და იგი 1842 წ. უკვე აპირებდა მიეღო ფილოსოფიის დოცენტობა, როცა ფრიდრიხ-ვილჰელმ III სიკვდილის შემდეგ წარმოშობილმა პოლიტიკურმა მოძრაობამ სხვა სარბიელზე გადაისროლა. მისი მონაწილეობით რაინის ლიბერალური ბურჟუაზიის ბელადების — ბ-ნ კამპჰაუზენის, პანზემანის და სხვ. მიერ დაარსებულ იქნა კელნში "რაინის გაზეთი" და მარქსი, რომლის კრიტიკულმა წერილებმა რაინის პროვინციულ ლანდტაგში წარმოებული კამათის გარშემო უდიდესი გამოძახილი ჰპოვა, მიწვეულ იქნა 1842 წლის შემოდგომაზე გაზეთის მეთაურად. თავისთავად ცხადია, რომ "რაინის გაზეთი" ცენზორის მეთვალყურეობის ქვეშ გამოდიოდა. მაგრამ ცენზურამ ვერაფერი გააწყო მასთან [1]. "რაინის გაზეთი" თითქმის მუდამ ახერხებდა საჭირო სტატიების დაბეჭდვას; თავდაპირველად ცენზორს ნაკლებ მნიშვნელოვან მასალას მიუგდებდნენ ამოსაშლელად, რის შემდეგ იგი ან თვითონ წავიდოდა დათმობაზე, ანდა იძულებული ხდებოდა დაეთმო იმ მუქარის ზეგავლენით, რომ ხვალ გაზეთი არ გამოვაო. ათიოდე გაზეთს რომ ისეთივე გამბედაობა ჰქონოდა, როგორც "რაინის გაზეთს" ჰქონდა და მათ გამომცემლებს რომ რამდენიმე ასეული ტალერით მეტი ხარჯი გაეწიათ აწყობაზე, გერმანიაში უკვე 1843 წელს ცენზურის არსებობა შეუძლებელი გახდებოდა. მაგრამ გერმანული გაზეთების მფლობელები წვრილმანი, მშიშარა ფილისტერები იყვნენ, ამიტომ "რაინის გაზეთს” მარტო უხდებოდა ბრძოლა. ის ცენზორს ცენზორზე იცვლიდა; დაბოლოს, გაზეთი ორმაგი ცენზურის ქვეშ მოაქციეს, ისე რომ პირველი ცენზურის შემდეგ მმართველობის პრეზიდენტს[2] ის ხელმეორედ და საბოლოოდ უნდა გაეცხრილა. მაგრამ ამანაც ვერ უშველა. 1843 წლის დასაწყისს მთავრობამ გამოაცხადა, ამ გაზეთს თავი ვეღარ გავართვიო, და ყოველგვარი განმარტების გარეშე აკრძალა.
მარქსმა ამ ხანებში ცოლად შეირთო ფონ ვესტფალენის, შემდეგში პრუსიის რეაქციული მინისტრის, და, გადასახლდა პარიზში და იქ ა. რუგესთან ერთად "გერმანულ-ფრანგული წლიური კრებულების” გამოცემა დაიწყო, სადაც მან გამოაქვეყნა მთელი რიგი თავისი სოციალისტური ნაწარმოებები, რომელთაც წარუმძღვარა "ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკა". შემდეგ ფ. ენგელსთან ერთად გამოაქვეყნა: "წმინდა ოჯახი. ბრუნო ბაუერის და კომპ. წინააღმდეგ" — სატირული კრიტიკა ერთი იმ უკანასკნელი ფორმისა. რომელიც მიიღო მაშინდელმა გერმანულმა ფილოსოფიურმა იდეალიზმმა.
პოლიტიკური ეკონომიისა და საფრანგეთის დიდი რევოლუციის ისტორიის შესწავლა ხელს არ უშლის მარქსს, როგორც კი შემთხვევა მიეცემა, პრუსიის ხელისუფლების წინააღმდეგ გაილაშქროს; უკანასკნელმა შური იძია და 1845 წლის დამდეგს, გიზოს სამინისტროს, მარქსი საფრანგეთის ფარგლებიდან გააძევებინა. როგორც ჩანს, ამ საქმეში ბ-ნმა ალექსანდრე ფონ-ჰუმბოლტმა შუამავლობა იკისრა. მარქსმა საცხოვრებლად აირჩია ბრიუსელი და იქ ფრანგულ ენაზე 1847 წ. გამოაქვეყნა "ფილოსოფიის სიღატაკე" — პრუდონის "სიღატაკის ფილოსოფიის” კრიტიკა, ხოლო 1848 წ. "სიტყვა ვაჭრობის თავისუფლების შესახებ". ამავე დროს მას შემთხვევა მიეცა ბრიუსელში გერმანელ მუშათა კავშირი დაეარსებინა და ამით პრაქტიკულ აგიტაციაში ჩაბმულიყო. მისთვის ეს გარემოება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეიქნა მას შემდეგ, რაც იგი და მისი პოლიტიკური მეგობრები 1847 წელს უკვე კარგა ხანია არსებულ საიდუმლო "კომუნისტთა კავშირში" შევიდნენ. მთელი ორგანიზაცია ძირფესვიანად შეიცვალა, აქამდე ცოტად თუ ბევრად კონსპირაციული კავშირი გადაიქცა კომუნისტური პროპაგანდის მარტივ, მხოლოდ აუცილებლობით გამოწვეულ, საიდუმლო ორგანიზაციად, — გერმანული სოციალ-დემოკრატიული პარტიის პირველ ორგანიზაციად. კავშირი არსებობდა ყველგან, სადაც კი გერმანელ მუშათა საზოგადოებები არსებობდნენ; ინგლისის, ბელგიის, საფრანგეთის და შვეიცარიის თითქმის ყველა წრის და გერმანიის მრავალი წრის ხელმძღვანელი წევრები ამ კავშირს ეკუთვნოდნენ და კავშირის როლი გერმანიის ახლად ფეხადგმულ მუშათა მოძრაობაში მეტად მნიშვნელოვანი იყო. ამასთანავე ჩვენი კავშირი პირველი იყო, რომელიც მთელი მუშათა მოძრაობის ინტერნაციონალურ ხასიათს ხაზგასმით აღნიშნავდა და ამას პრაქტიკულადაც ანხორციელებდა. ის თავის რიგებში ინგლისელებს, ბელგიელებს, უნგრელებს, პოლონელებს და სხვ. აერთიანებდა და, განსაკუთრებით ლონდონში, მუშათა ინტერნაციონალურ ყრილობებს აწყობდა.
კავშირის გარდაქმნა ჩატარდა 1847 წლის განმავლობაში მოწვეულ ორ კონგრესზე. მეორე კონგრესმა დაადგინა, შეემუშავებინა და გამოექვეყნებინა პარტიის პროგრამის საფუძვლები მანიფესტის სახით, რომლის შედგენა მიენდო მარქსსა და ენგელსს. ასე წარმოიშვა "კომუნისტური პარტიის მანიფესტი", რომელიც პირველად 1848 წელს, თებერვლის რევოლუციის წინა დღეებში, გამოვიდა და მის შემდეგ თითქმის ყველა ევროპულ ენაზე გადაითარგმნა.
მარქსის თანაშრომლობამ "ბრიუსელის გერმანულ გაზეთში", რომელიც ულმობლად ააშკარავებდა გერმანიაში გამეფებულ პოლიციურ კეთილდღეობას, მისცა საბაბი პრუსიის მთავრობას ხელახლა მოეთხოვა მარქსის გაძევება, მაგრამ ცდა უნაყოფო გამოდგა. ხოლო როცა თებერვლის რევოლუციამ ბრიუსელშიაც ხალხის მღელვარება გამოიწვია და ბელგიაში გადატრიალების საშიშროება დღის წესრიგში დადგა, მაშინ ბელგიის მთავრობამ მარქსი დააპატიმრა და მოურიდებლად გააძევა. სწორედ ამ დროს საფრანგეთის დროებითმა მთავრობამ ფლოკონის პირით მარქსი ხელახლა მიიწვია პარიზში, და მან ისარგებლა ამ მიწვევით.
მარქსმა პარიზში უპირველეს ყოვლისა გაილაშქრა იქაურ გერმანელთა შორის გავრცილებული ავანტიურისტული გეგმის წინააღმდეგ, რომლის მიხედვით გერმანელ მუშებს საფრანგეთში შეიარაღებული ლეგიონები უნდა შეედგინათ, რათა მათი საშუალებით გერმანიაში რევოლუცია და რესპუბლიკა შეეტანათ. ერთი მხრივ, გერმანიას თავისი რევოლუცია თვითონ უნდა მოეხდინა, მეორე მხრივ კი, დროებითი მთავრობის ლამარტინები საფრანგეთში უცხოეთის ყოველ ჩამოყალიბებულ რევოლუციურ ლეგიონს წინასწარ აძლევდნენ ხელში თვით იმ მთავრობას, რომელიც უნდა დამხობილიყო, როგორც ეს მოხდა ბელგიასა და ბადენში.
მარტის რევოლუციის შემდეგ მარქსი ჩავიდა კელნში და იქ დააარსა „ახალი რაინის გაზეთი", რომელიც 1848 წ. 1 ივნისიდან 1849 წლის 19 მაისამდე გამოდიოდა — ერთადერთი გაზეთი, რომელიც მაშინდელ დემოკრატიულ მოძრაობაში პროლეტარიატის თვალსაზრისის წარმომადგენელი იყო; ეს გამოიხატა თუნდაც პარიზის 1848 წლის ივნისის აჯანყებულთა აშკარა გამოსარჩლებაში, რამაც გაზეთს თითქმის ყველა აქციონერი ჩამოაცილა. ამაოდ მიუთითებდა "Kreuzzeitung”[3] იმ "უტიფრობის ჩიმბორასოზე”[4], რომლითაც "ახალი რაინის გაზეთი" ყველაფერ წმინდას ბღალავს — მეფიდან და სახელმწიფოს მმართველიდან დაწყებული და ჟანდარმით გათავებული, — და ყველაფერი ეს ხდება პრუსიის ერთ-ერთ ციხე-სიმაგრეში იმ დროს რვაათასიანი გარნიზონით; ამაოდ იყვნენ აღშფოთებული ანაზდეულად გარეაქციონერებული რაინელი ლიბერალი ფილისტერები; ამაოდ შეაჩერა ხანგრძლივად კელნის საალყო წესებმა 1848 წ. შემოდგომაზე გაზეთი; ამაოდ მოითხოვდა ფრანკფურტის საიმპერიო იუსტიციის სამინისტრო კელნის პროკურორისაგან გაზეთში დაბეჭდილ სხვადასხვა სტატიის გამო მის სამართალში მიცემას; გაზეთის რედაქტირება და ბეჭდვა პოლიციის თვალწინ არხეინად გრძელდებოდა, ხოლო მისი გავრცელება და პოპულარობა მატულობდა იმ ცხარე იერიშებთან ერთად, რომელიც მას მთავრობასა და ბურჟუაზიაზე მიჰქონდა. როცა 1848 წლის ნოემბერში პრუსიაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, "ახალი რაინის გაზეთის" თვითეული ნომერი იწყებოდა მოწოდებით ხალხისადმი გადასახადებზე უარი ეთქვთ და ძალადობაზე ძალადობით ეპასუხნათ. ამ გარემოების და კიდევ ერთ-ერთი სხვა სტატიის გამო 1849 წ. გაზაფხულზე გაზეთი წარსდგა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე, მაგრამ ორივეჯერ გამართლებულ იქნა. დაბოლოს, როცა 1849 წ. მაისის აჯანყება დრეზდენსა და რაინის პროვინციაში დამარცხდა, ხოლო ჯარის ნაწილთა მობილიზაციის და კონცენტრაციის შემდეგ დაიწყო პრუსიის გალაშქრება ბადენის და პფალცის აჯანყებულთა წინააღმდეგ, მთავრობამ თავისი თავი საკმაოდ ძლიერად ჩათვალა, რათა "ახალი რაინის გაზეთის" მიმართ ძალმომრეობა ეხმარა და მოესპო. უკანასკნელი ნომერი, წითელი ასოებით დაბეჭდილი, 19 მაისს გამოვიდა.
მარქსი ისევ პარიზს დაბრუნდა, მაგრამ 1849 წ. 13 ივნისის დემონსტრაციის შემდეგ არ გაუვლია რამდენიმე კვირას, რომ მას საფრანგეთის მთავრობამ შემდეგი არჩევანი წაუყენა: ან საცხოვრებელი ალაგის ბრეტანში გადატანა, ანდა საფრანგეთის საზღერების დატოვება. მან უკანასკნელი აირჩია და ლონდონში გადასახლდა, სადაც მის შემდეგ მუდმივად ცხოვრობს.
ცდა — ისევ განეგრძოთ "ახალი რაინის გაზეთის" გამოცემა ჟურნალ-მიმოხილვის სახით (ჰამბურგში, 1850 წ.), რამდენიმე ხნის შემდეგ უშედეგოდ დამთავრდა რეაქციის თანდათან გამძაფრების გამო. მალე საფრანგეთში 1851 წ. დეკემბერში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მარქსმა გამოაქვეყნა "ლუი ბონაპარტის 18 ბრიუმერი" (ბოსტონი, 1852 წ. მე-2 გამოცემა, ჰამბურგი, 1869 წ. ომის წინ). 1853 წელს მან დაწერა "მხილებანი კომუნისტთა კელნის პროცესისა" (პირველად გამოცემულ იქნა ბაზელში, შემდეგ ბოსტონში, ამას წინათ კვლავ ლაიპციგში).
კომუნისტთა კავშირის წევრების კელნში გასამართლების შემდეგ, მარქსი ჩამოშორდა პოლიტიკურ აგიტაციას და ათი წელიწადი შესწირა, ერთი მხრივ, იმ მდიდარი საგანძურის დამუშავებას, რაც პოლიტიკური ეკონომიის დარგში ბრიტანეთის მუზეუმის ბიბლიოთეკაში მოიპოვებოდა, მეორე მხრივ, გაზეთ "ნიუ-იორკ ტრიბუნაში"[5] თანამშრომლობას, სადაც ამერიკის სამოქალაქო ომამდე არა მარტო მისი ხელმოწეოილი კორესპონდენციები იბეჭდებოდა, არამედ, აგრეთვე, მის მიერ დაწერილი მრავალი მოწინავე წერილიც ევროპისა და აზიის მდგომაოეობის შესახებ. მისი მკვეთრი სტატიები ლორდ პალმერსტონის წინააღმდეგ, რომლებიც ეყრდნობოდა ინგლისის ოფიციალური დოკუმენტების საფუძვლიან შესწავლას, ლონდონში ზედიზედ გამოდიოდა პამფლეტების სახით.
მისი მრავალი წლის ეკონომიური კვლევის პირველი ნაყოფი იყო 1859 წელს გამოცემული "პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის", პირველი ნაკვეთი (ბერლინი, გამოც. დუნკერი), ეს ნაწარმოები შეიცავს მარქსის ღირებულების თეორიის პირველ სისტემატურ დალაგებას ფულზე მოძღვრების თანდართვით. იტალიის ომის დროს მარქსი ლონდონის გერმანულ გაზეთ "Das Volk"-ის[6] ფურცლებზე ებრძოდა ბონაპარტიზმს, რომელიც ლიბერალურ სამოსელში ეხვეოდა და ჩაგრულ ეროვნებათა დამცველის როლს თამაშობდა; ებრძოდა აგრეთვე პრუსიის მაშინდელ პოლიტიკას, რომელიც ნეიტრალიტეტის ნიღაბქვეშ მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ცდილობდა. ამ პირობებშე საჭირო გახდა აგრეთვე ბატონ კარლ ფოგტის წინააღმდეგ გალაშქრება, რომელიც, ლუი ნაპოლეონის ჯამაგირში მყოფი, პრინც ნაპოლეონის (პლონ-პლონი) დავალებით, აგიტაციას ეწეოდა გერმანიის მხრივ ნეიტრალიტეტის და თანაგრძნობის სასარგებლოდ. ფოგტის მიერ ურცხვ, განზრახ შეთითხნილ ცილისწამებას მარქსმა უპასუხა წიგნით: "ბატონი ფოგტი", (ლონდონი, 1850 წ.), სადაც ფოგტს და სხვა ვაჟბატონებს ბონაპარტისტული ცრუდემოკრატიული ბანდიდან, მარქსმა ყალბი დემოკრატიული სამოსელი ჩამოგლიჯა და ფოგტს როგორც შინაგანი, ისე გარეგანი ნიშნების მიხედვით ბრალი დასდო, რომ იგი დეკემბრის იმპერიის მიერ მოსყიდული იყო. სწორედ ათი წლის შემდეგ ეს დამტკიცდა: სექტემბრის მთავრობამ გამოაქვეყნა 1870 წელს ტულერიში ნაპოვნი სია ბონაპარტის მიერ მოსყიდული პირებისა, სადაც ასო "ფ."-ს ჟვეშ შემდეგი ეწერა: "ფოგტს 1859 წლის აგვისტოში 40 000 ფრანკი გადაეცა".
დაბოლოს, 1867 წელს ჰამბურგში გამოვიდა "კაპიტალი. პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკა". I ტომი — მარქსის მთავარი ნაწარმოები, რომელიც გადმოგვცემს მის ეკონომიურ და სოციალისტურ შეხედულებათა საფუძვლებს და არსებული საზოგადოების, კაპიტალისტური წარმოების წესისა და მისი შედეგების კრიტიკის ძირითად ხაზებს. ამ, ეპოქის შემქმნელი ნაწარმოების მეორე გამოცემა გამოქვეყნდა 1872 წელს. ამჟამად ავტორი მუშაობს მეორე ტომზე.
ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში ამ ხნის განმავლობაში მუშათა მოძრაობა კვლავ იმდენად გაძლიერდა, რომ მარქსს შეეძლო ეფიქრა თავისი დიდი ხნის საოცნებო სურვილის განხორციელებაზე: სახელდობრ, დაეარსებინა ისეთი მუშათა ასოციაცია, რომელიც მოიცავდა ევროპისა და ამერიკის ყველაზე მოწინავე ქვეყნებს და რომელიც როგორც მუშებს, ისე ბურჟუაზიას და მთავრობებს სოციალისტური მოძრაობის ინტერნაციონალურ ხასიათს, ასე ვთქვათ, ხელშესახებად წარმოუდგენდა, პროლეტარიატის სასიხარულოდ და გასაძლიერებლად და მისი მტრების შესაძრწუნებლად. სახალხო კრებამ, რომელიც მოწვეული იყო 1864 წ. 28 სექტემბერს ლონდონში, სენტ-მარტინს ჰოლის დარბაზში, რუსეთის მიერ იმ ხანებში კვლავ შემუსვრილი პოლონეთისადმი თანაგრძნობის გამოსაცხადებლად, საბაბი მისცა წამოეყენებინათ ეს წინადადება, რაც აღფრთოვანებით იქნა მიღებული. დაარსდა მუშათა საერთაშორისო ასოციაცია; კრებამ აირჩია დროებითი გენერალური საბჭო, რომლის რეზიდენციად ლონდონი გამოცხადდა; როგორც ამ, ისე ყველა მერმინდელ გენერალურ საბჭოს სულისჩამდგმელი ჰააგის კონგრესამდე მარქსი იყო. მისი შედგენილია ინტერნაციონალის გენერალურ საბჭოს მიერ გამოშვებული თითქმის ყველა დოკუმენტი — დაწყებული 1864 წელს გამოცემული დამფუძნებელი მანიფესტით და გათავებული მანიფესტით საფრანგეთის 1871 წ. სამოქალაქო ომის შესახებ. მარქსის მოღვაწეობის დახასიათება ინტერნაციონალში ნიშნავს თვით ამ ასოციაციის ისტორიის შედგენას, — ასოციაციისა, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია ევროპის მუშების ხსოვნაში.
პარიზის კომუნის დამარცხებამ ინტერნაციონალი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა. იგი ევროპის ისტორიის ავანსცენაზე გამოვიდა იმ მომენტში, როცა მას გაძნელებული ჰქონდა ყოველგვარი წარმატებითი პრაქტიკული მოქმედების საშუალება. სწორედ ის მოვლენები, რომლებმაც იგი მეშვიდე დიდ სახელმწიფოს მდგომარეობამდე აიყვანეს, არ აძლევდნენ მას შესაძლებლობას მოეხდინა ამასთანვე თავისი მებრძოლი ძალების მობილიზაცია და აემოქმედებინა ისინი მუშათა მოძრაობის აუცილებელი დამარცხებისა და დაცემის შიშით მთელი ათეული წლების განმავლობაში. ამასთანავე სხვადასხვა მხრიდან ინტერნაციონალს ისეთი ელემენტები მიეტმასნენ, რომელნიც ცდილობდნენ ასოციაციის ასე სწრაფად გაზრდილი სახელის გამოყენებას პირადი მედიდურობისა თუ პირადი პატივმოყვარეობისათვის, ამ ელემენტებს არა გაეგებოდათ რა ინტერნაციონალის ნამდვილი მდგომარეობისა ან ანგარიშს არ უწევდნენ მას. საჭირო იყო გმირული გადაწყვეტილების მიღება, და სწორედ ისევ მარქსმა მიიღო და გაატარა იგი ჰააგის კონგრესზე. ინტერნაციონალმა საზეიმო დადგენილებით მოიხსნა ყოველგვარი პასუხისმგებლობა ბაკუნისტთა მოქმედებისათვის, ვინაიდან სწორედ ბაკუნისტები შეადგენდნენ ამ უგუნურ და ბინძურ ელემენტთა ცენტრს. შემდეგ, ინტერნაციონალმა გაითვალისწინა, რომ საერთო რეაქციის პირობებში შეუძლებელია დასახულ, თანდათან უფრო გაძლიერებულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება და სრული აქტივობის შენარჩუნება მრავალი მსხვერპლის გაუღებლად, რაც სისხლიდან დასცლიდა მუშათა მოძრაობას; ამიტომ დროებით მან დასტოვა ასპარეზი და დაადგინა გენერალური საბჭო ამერიკაში გადაეტანა. შედეგებმა დაგვანახვა, თუ რამდენად სწორი იყო ეს დადგენილება, რომელიც მაშინაც და შემდეგაც ხშირად იკიცხებოდა. ერთი მხრივ, ბოლო მოეღო ინტერნაციონალის სახელით უსარგებლო ავანტიურების მოწყობის ყოველგვარ ცდას, მეორე მხრივ კი, სხვადასხვა ქვეყნის სოციალისტურ მუშათა პარტიებს შორის განუწვვეტელმა მჭიდრო ურთიერთობამ დაამტკიცა, რომ ინტერნაციონალის მიერ გაღვიძებულ სხვადასხვა ქვეყნის პროლეტართა ინტერესების ერთობისა და სოლიდარობის შეგნებას შეუძლია გზა გაიკაფოს დროებით დაბრკოლებად ქცეულ გაფორმებულ ინტერნაციონალურ ასოციაციის გარეშეც.
ჰააგის კონგრესის შემდეგ მარქსმა, როგორც იქნა, კვლავ ჰპოვა სიმშვიდე და მოცალება, რომ კვლავ დაბრუნებოდა თეორიულ მუშაობას; იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ მოკლე ხანში იგი შეძლებს "კაპიტალის" II ტომის დასაბეჭდად გადაცემას.
იმ მრავალრიცხოვან მნიშვნელოვან აღმოჩენათა შორის, რომლითაც მარქსმა თავისი სახელი მეცნიერების ისტორიაში ჩასწერა, ჩვენ აქ მხოლოდ ორზე შევჩერდებით.
პირველია მის მიერ მოხდენილი გადატრიალება მსოფლიო ისტორიის მთელ გაგებაში. დღემდე გამეფებული შეხედულებანი ისტორიაზე ემყარებოდა იმ წარმოდგენას, რომ ყველა ისტორიულ ცვლილებათა მიზეზები უნდა ვეძიოთ, საბოლოო ანგარიშით, ადამიანთა ცვალებად იდეებში და რომ ყველა ისტორიულ ცვლილებათა შორის უმნიშვნელოვანესი, მთელი ისტორიის განმსაზღვრელი, პოლიტიკური ცვლილებაა. მაგრამ არავინ არ ცდილობდა გამოერკვია, საიდან იბადება ადამიანთა იდეები და როგორია პოლიტიკურ ცვლილებათა მამოძრავებელი მიზეზები. მხოლოდ ფრანგ და ნაწილობრივ ინგლისელ ისტორიკოსთა უახლეს სკოლაში დაიბადა ის რწმენა, რომ, დაწყებული შუა საუკუნეებიდან მაინც, ევროპის ისტორიის მამოძრავებელ ძალად იყო განვითარებაში მყოფი ბურჟუაზიის ბრძოლა ფეოდალურ თავადაზნაურობასთან პოლიტიკური და საზოგადოებრივი ბატონობისათვის. მარქსმა კი დაამტკიცა, რომ დღემდე არსებული კაცობრიობის მთელი ისტორია კლასთა ბრძოლის ისტორიაა; მან აღნიშნა, რომ მრავალგვარ და რთულ პოლიტიკურ ბრძოლაში საქმე ეხებოდა ყოველთვის სწორედ საზოგადოებრივი კლასების პოლიტიკურ და სოციალურ ბატონობას; ბატონობის შენარჩუნებას ძველი კლასების მხრით, ბატონობის მიღწევას ახალი აღმავალი კლასის მხრით. მაგრამ რისი მეოხებით წარმოიშობიან და არსებობენ ეს კლასები? იმ ყოველთვის არსებული მატერიალური, ფიზიკურად შესაგრძნობი პირობების მეოხებით, რომლებშიაც საზოგადოება ამა თუ იმ ხანაში თავის საარსებო საშუალებებს აწარმოებს და სცვლის. შუა საუკუნეების ფეოდალური ბატონობა ემყარებოდა წვრილ თვითკმარ გლეხურ თემთა მეურნეობას, რომელიც თვითონ ამზადებდა თავისი მოხმარების თითქმის ყველა საჭირო საგანს და რომელშიაც გაცვლა-გამოცვლა თითქმის არ არსებობდა; ამ თემებს გარეშე მტრებიდან იცავდა და მათ ნაციონალურ ან, ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურ გაერთიანებას უზრუნველყოფდა მეომარი თავადაზნაურობა. როდესაც წარმოიშვა ქალაქები და მათთან ერთად განცალკევებული ხელოსნობა და სავაჭრო ბრუნვა, ჯერ ქვეყნის შიგნით, ხოლო შემდეგ საერთაშორისო ხასიათისა, მაშინ განვითარდა ქალაქის ბურჟუაზია, რომელმაც თავადაზნაურობასთან ბრძოლაში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში პრივილეგიური წოდების ადგილი მოიპოვა ფეოდალურ წესწყობილებაში. მაგრამ ევროპის გარეშე მდებარე მატერიკის აღმოჩენამ, მეთხუთმეტე საუკუნის ნახევრიდან დაწყებული, ბურჟუაზიას გაცილებით უფრო ფართო სავაჭრო ასპარეზი გაუხსნა და მისი მრეწველობის განვითარებას ახალი ბიძგი მისცა. მანუფაქტურამ, რომელიც საფაბრიკო იყო თავისი ხასიათით, განდევნა ხელოსნობა უმნიშვნელოვანეს დარგებიდან; თავის მხრივ, მანუფაქტურა განდევნილ იქნა მსხვილი მრეწველობის მიერ, რომელიც შესაძლებელი გახდა გასული საუკუნის გამოგონებათა გამო, განსაკუთრებით ორთქლის მანქანის გამოგონების გამო, მსხვილმა მრეწველობამ კი თავის მხრივ უკუგავლენა მოახდინა ვაჭრობაზე, განდევნა ჩამორჩენილ ქვეყნებში დრომოჭმული ხელით შრომა, ხოლო უფრო განვითარებულ ქვეყნებში შექმნა თანამედროვე ახალი სამიმოსვლო საშუალებები: გემები, რკინიგზები, ელექტრული ტელეგრაფი. ამრიგად, ბურჟუაზია სულ უფრო და უფრო თავს უყრიდა საზოგადოებრივ სიმდიდრეს და საზოგადოებრივ ძალას თავის ხელში, თუმცა ჯერ კიდევ დიდხანს იყო მოკლებული პოლიტიკურ ძალაუფლებას, რომელიც კარგა ხნით თავადაზნაურობის და მასზე დაყრდნობილი მონარქიის ხელში დარჩა. მაგრამ განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე — საფრანგეთში დიდი რევოლოციის შემდეგ — მან პოლიტიკური ძალაუფლებაც დაიპყრო და თავის მხრივ, როგორც გაბატონებული კლასი, დაუპიოდაპირდა პროლეტარიატს და წვრილ გლეხობას. ამ თვალსაზრისით სულ უბრალოდ აიხსნება ყველა ისტორიული მოვლენა, თუ მკვლევარი აღჭურვილია თვითეული პერიოდის საზოგადოების ეკონომიური მდგომარეობის საკმაო ცოდნით, რაც არ გააჩნიათ ჩვენს ისტორიკოსებს; ასევე უბრალოდ აიხსნება თვითეული ისტორიული პერიოდის წარმოდგენები და იდეები ცხოვრების ეკონომიური პირობებით და მათ მიერ განსაზღვრული ამ პერიოდის სოციალურ-პოლიტიკური ურთიერთობით. ისტორია პირველად იქნა დაყენებული თავის ნამდვილ საფუძველზე; ისეთმა თვალსაჩინო ფაქტმა, რომელსაც აქამდე სრულიად ვერ ამჩნევდნენ, იმ ფაქტმა, რომ ადამიანებმა უწინარეს ყოვლისა უნდა ჭამონ, სვან, საცხოვრებელი ბინა იქონიონ, ჩაიცვან და რომ, მაშასადამე, უნდა იშრომონ, სანამ ბატონობისათვის ბრძოლას შეძლებდნენ. პოლიტიკას, რელიგიას, ფილოსოფიას და სხვ. ხელს მოჰკიდებდნენ, — ამ თვალსაჩინო ფაქტმა ბოლოს და ბოლოს თავისი ისტორიული უფლებები მოიპოვა.
სოციალისტური მსოფლმხედველობისათვის ისტორიის ამ ახალ გაგებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მისი მეოხებით დამტკიცდა, რომ მთელი ისტორია დღემდე კლასობრივი წინააღმდეგობისა და კლასობრივი ბრძოლის გზით მიმდინარეობდა, რომ კაცობრიობა მუდამ იყოფოდა გაბატონებულ და დამონებულ, ექსპლოატატორულ და ექსპლოატირებულ კლასებად, და ადამიანთა დიდი უმრავლესობის ხვედრი მუდამ მძიმე შრომა და უბადრუკი არსებობა იყო. რატომ ხდებოდა ასე? უბრალოდ იმიტომ, რომ კაცობრიობის განვითარების ყველა ადრინდელ საფეხურზე წარმოება ისე სუსტად იყო განვითარებული, რომ ისტორიულ განვითარებას შეეძლო წარმართულიყო მხოლოდ ამ წინააღმდეგობით სავსე ფორმაში, რომ ისტორიული პროგრესი საერთოდ მინდობილი იყო პატარა პრივილეგიური უმცირესობისათვის, მაშინ როდესაც უდიდესი მასა განწირული იყო ემუშავნა ლუკმა პურისათვის და გარდა ამისა პრივილეგიური წოდებების სულ უფრო და უფრო მეტი სიმდიდრის შესაქმნელად. მაგრამ ისტორიის ასეთი გაგება, რომელიც ბუნებრივად და გონივრულად ხსნის მთელ აქამდე არსებულ კლასობრივ ბატონობას — რაც სხვანაირად შეიძლება აიხსნას მხოლოდ ადამიანთა ბოროტი ნებისყოფით — იწვევს აგრეთვე იმ რწმენას, რომ თანამედროვე საწარმოო ძალების უდიდესი განვითარების გამო ქრება უკანასკნელი საბუთი, ყოველ შემთხვევაში განვითარებულ ქვეყნებში, ადამიანთა დაყოფისა მჩაგვრელებად და დაჩაგრულებად, ექსალოატატორებად და ექსპლოატირებულებად; ისტორიის ასეთი გაგების მიხედვით გაბატონებულმა მსხვილმა ბურჟუაზიამ თავისი ისტორიული დანიშნულება უკვე შეასრულა, რომ მან არა თუ დაკარგა საზოგადოების ხელმძღვანელობის უნარი, არამედ წარმოების შემდგომი განვითარების შემაფერხებელ მიზეზადაც გადაიქცა, როგორც ამას ამტკიცებს სავაჭრო კრიზისები, განსაკუთრებით უკანასკნელი დიდი კრახი და მრეწველობის შევიწროებული მდგომარეობა ყველა ქვეყანაში; ისტორიული ხელმძღვანელობა ახლა გადასულია პროლეტარიატის ხელში, იმ კლასის ხელში, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი მდგომარეობის პირობებით განთავისუფლება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსპობს ყოველგვარ კლასობრივ ბატონობას, ყოველგვარ მონობას და ყოველგვარ ექსპლოატაციას საზოგადოდ. საზოგადოებრივი საწარმოო ძალები იმდენად გაიზარდა, რომ ბურჟუაზია ვეღარ უძღვება და მხოლოდ იმას ელოდება, რომ მას დაეპატრონოს გაერთიანებული პროლეტარიატი, რომელიც შექმნის ისეთ წყობილებას, როდესაც საზოგადოების თვითეულ წევრს მიეცემა საშუალება მონაწილეობა მიიღოს არა მარტო საზოგადოებრივ სიმდიდრეთა წარმოებაში, არამედ აგრეთვე მათ განაწილებასა და წარმართვაში და რომელიც მთელი წარმოების გეგმიანი ორგანიზაციით იმდენად გაზრდის საზოგადოების საწარმოო ძალებსა და მათ მიერ შექმნილ პროდუქტებს, რომ ყველა რაციონალურ, მუდამ მზარდ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება თვითეულისათვის უზრუნველყოფილი იქნება.
მარქსის მეორე მნიშვნელოვანი აღმოჩენა მდგომარეობს კაპიტალისა და შოომის ურთიერთობის საბოლოო განმარტებაში, სხვანაირად რომ ვთქვათ, იმის გამოაშკარავებაში, თუ როგორ ხდება მუშის ექსპლოატაცია კაპიტალისტის მიერ თანამედროვე საზოგადოებაში, არსებული კაპიტალისტური წარმოების წესის დროს. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა ეკონომიამ ის დებულება წამოაყენა, რომ შრომა ყოველი სიმდიდრის და ყოველგვარი ღირებულების წყაროა, აუცილებლივ წამოიჭრა კითხვა: როგორ შეიძლება ეს აზრი შეუთავსდეს იმ ფაქტს, რომ დაქირავებული მუშა მთელი მისი შრომით შექმნილი ღირებულების რაოდენობას კი არ ღებულობს, არამედ ერთი ნაწილი აქედან კაპიტალისტს უნდა მისცეს? როგორც ბურჟუაზიული ეკონომისტები, ისევე სოციალისტები ამაოდ ცდილობდნენ მოენახათ მეცნიერულად დასაბუთებული პასუხი ამ კითხვაზე, სანამ, ბოლოს, მარქსმა თავისი ახსნა არ წამოაყენა. ეს ახსნა შემდეგში მდგომარეობს: წარმოების თანამედროვე კაპიტალისტური წესი გულისხმობს ორი საზოგადოებრივი კლასის არსებობას: ერთი მხრივ, კაპიტალისტები, რომელნიც საწარმოო და საარსებო საშუალებათა მესაკუთრენი არიან, მეორე მხოივ, პროლეტარები, რომელნიც მოკლებული არიან ამას და რომელთაც მარტო ერთი საქონელი გააჩნიათ გასაყიდად: თავისი სამუშაო ძალა; ისინი იძულებულნი არიან აუცილებელ საარსებო საშუალებათა მოსაპოებლად გაყიდონ თავიანთი სამუშაო ძალა. მაგრამ საქონლის ღირებულება ისაზღვრება მის წარმოებაზე და, მაშასადამე, მის რეპროდუქციაზე დახარჯული, განივთიერებული საზოგადოებრივად აუცილებელი შრომის რაოდენობით; ხოლო საშუალო ადამიანის სამუშაო ძალის ღირებულება განისაზღვრება ერთი დღის, ერთი თვის, ერთი წლის განმავლობაში საჭირო შრომის იმ რაოდენობით, რომელიც განივთიერებულია ამ სანუშაო ძალის შენახვისათვის ერთი დღის, ერთი თვის, ერთი წლის განმავლობაში აუცილებელ საარსებო საშუალებებში. დავუშვათ, რომ ერთი დღით მუშისათვის აუცილებელ საარსებო საშუალებათა წარმოება ექვს სამუშაო საათს მოითხოვს ან, რაც იგივეა, მათში განხორციელებული შრომა წარმოადგენს ექვსი საათის შრომის რაოდენობას; მაშინ სამუშაო ძალის ღირებულება ერთი დღისათვის გამოიხატება ფულადი ჯამით, რომელიც აგრეთვე ექვს სამუშაო საათს შეიცავს. დავუშვათ კიდევ, რომ კაპიტალისტი, რომელიც მუშას ქირაობს, უხდის მას ამ თანხას, ე. ი. მისი სამუშაო ძალის სრულ ღირებულებას. თუ მუშა კაპიტალისტისათვის 6 საათს მუშაობს დღეში, მაშინ იგი მას მის დანახარჯს სავსებით აუნაზღაურებს: ექვსი საათის შრომას ექვსი საათის შრომისათვის. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, კაპიტალისტს არაფერი დარჩებოდა; ამიტომ იგი საქმეს სულ სხვანაირად უყურებს: მე მუშის სამუშაო ძალა, — მსჯელობს კაპიტალისტი, — მარტო ექვსი საათით კი არ მიყიდია, არამედ მთელი დღით, და ამიტომ იგი მუშას ამუშავებს გარემოების მიხედვით 8, 10, 12, 14 საათს და კიდევ მეტს, ასე რომ ამ მეშვიდე, მერვე და შემდგომი საათების პროდუქტი გადაუხდელი შრომის პროდუქტია და პირდაპირ კაპიტალისტის ჯიბეში ჩადის. ამნაირად, მუშა კაპიტალისტის სამსახურში არა თუ ქმნის მარტო თავის სამუშაო ძალის ღირებულებას, რომელსაც მას უხდიან, არამედ ქმნის გარდა ამისა კიდევ ზედმეტ ღირებულებას, რომელსაც პირველ ყოვლისა კაპიტალისტი ითვისებს, და შემდგომ, განსაზღვრული ეკონომიური კანონების მიხედვით, ნაწილდება საერთოდ მთელ კაპიტალისტთა კლასში და ქმნის იმ წყაროს, საიდანაც იბადება მიწის რენტა, მოგება და კაპიტალის დაგროვება, — მოკლედ, ყველა ის სიმდიდრე, რომელთაც არამშრომელი კლასები ნთქავენ ან აგროვებენ. ამით დამტკიცებულ იქნა, რომ თანამედროვე კაპიტალისტების მიერ სიმდიდრის შეძენა მდგომარეობს სხვისი გადაუხდელი შრომის მითვისებაში, ისევე როგორც ამას სჩადიოდნენ მონათმფლობელები ან ბატონყმური შრომის ექსპლოატატორი ფეოდალები; განსხვავება ექსპლოატაციის ამ ფორმებს შორის მდგომარეობს მხოლოდ იმ წესში, რომლის მეოხებით ხდება გადაუხდელი შრომის მითვისება. მაგრამ ამით უკანასკნელი ნიადაგი გამოეცალა ფეხქვეშ გაბატონებულ კლასთა ყოვლად ფარისევლურ ფრაზეოლოგიას, თითქოს თანამედროვე საზოგადოებრივ წყობილებაში გამეფებულია სამართალი და სამართლიანობა, უფლებათა და მოვალეობათა თანასწორობა და ინტერესთა საყოველთაო ჰარმონია. გამოაშკარავებულ იქნა აგრეთვე ისიც, რომ თანამედროვე ბურჟუაზიული საზოგადოება არანაკლებ, ვიდრე მისი წინამორბედები, წარმოადგენს უზარმაზარ დაწესებულებას, სადაც ხდება ხალხის უდიდესი უმრავლესობის ექსპლოატაცია უმნიშვნელო უმცირესობის მიერ, რომლის რიცხვი სულ უფრო და უფრო კლებულობს.
ამ ორ მნიშვნელოვან დებულებაზე არის დაფუძნებული თანამედროვე მეცნიერული სოციალიზმი. კაპიტალისტური საზოგადოებრივი სისტემის შესწავლის დარგში ეს და სხვა, არა ნაკლებ მნიშვნელოვანი მეცნიერული აღმოჩენანი "კაპიტალის" მეორე ტომში ჰპოებენ შემდგომ განვითარებას, ამასთან ერთად ძირეული გადატრიალება მოხდება პოლიტიკური ეკონომიის იმ მხარეებისა, რომლებიც გარჩეული არ იყო პირველ ტომში. ვუსურვოთ მარქსს, რომ მალე შესძლოს ამ ტომის დასაბეჭდად გადაცემა.
[1] "რაინის გაზეთის" პირველი ცენზორი იყო პოლიციის მრჩეველი დოლეშალი, სწორედ ის, რომელმაც ერთხელ ამოშალა "Kölnische Zeitung”-იდან განცხადება დანტეს "ღვთაებრივი კომედიის” თარგმანის შესახებ (მთარგმნელი ფილალეტესი იყო, შემდეგში საქსონიის მეფე იოჰანე) შემდეგი შენიშვნით: “ღვთაებრივი არ შეიძლება გახდეს კომედიის საგანიო". [ენგელსის შენიშვნა].
[2] მმართველობის პრეზიდენტი — რეგირინგსპრეზიდენტი — პრუსიაში, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი ოლქში. [რედაქცია].
[3] “Kreuzzeitung”-ის ("ჯვაროსნული გაზეთი”) სახელით ცნობილი იყო ყოველდღიური რეაქციული მონარქიფლი გაზეთი "Neue Preussische Zeitung" ("ახალი პრუსიული გაზეთი"), რომელიც ბერლინში გამოდიოდა 1848 წლიდან, მის სათაურში გამოხატული იყო ჯვარი. [რედაქცია].
[4] ჩიმბორასო — ერთ-ერთი უმაღლესი მთის მწვერვალი სამხრეთ ამერიკაში. [რედაქცია].
[5] “New-York Daily Tribune" — ყოველდღიური დემოკრატიული გაზეთი, გამოდიოდა ნიუ-იორკში 1841-დან 1924 წლამდე, მარქსი თანამშრომლობდა მასში 1851-დან 1862 წ. [რედაქცია].
[6] გერმანული გაზეთი "Das Volk" ("ხალხი”) გამოდიოდა ლონდონში მარქსის უახლოესი თანამშრომლობით 1859 წ. მაისიდან აგვისტომდე. [რედაქცია].